აქციის მონაწილეებმა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების ნორმების არ არსებობას აპროტესტებენ, დედაქალაქის მერის, კახი კალაძის საცხოვრებელ სახლთან გადანაცვლეს.
ისინი ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ. მათ აინტერესებს რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ის დარღვევები, რომელზეც დღეს უკვე შრომის ინსპექცია საუბრობს.
შრომის ინსპექციის წინასწარი დასკვნით, კომპანია, რომელიც ვაკეში ახალ კლინიკას აშენებდა, კუსტარულ სამშენებლო ტექნიკას იყენებდა. სამშენებლო ობიექტზე იყო ღია დაუცველი ღოობები რაც ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნიდა.
გარდა ამისა, ისინი პოლიციის მიერ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივად აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ კითხვებზე პასუხებს არ მიიღებენ.
სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილზე მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრ ხმაურის" წარმომადგენელი დავით სუბელიანი, და საია-ს წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე. აქციაზე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალო დამცველიც იმყოფებიან.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.