პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სესიაზე მისვლა დაპირისპირებით დაიწყო. "ევროპულმა საქართველოს" წევრებმა კობა გვენეტაძეს შეახსენეს, რომ ის სესიაზე გამოცხადებამდე კომიტეტის სხდომაზე უნდა მისულიყო, თუმცა ცდილობს ამ ვალდებულებას თავი აარიდოს.
„თქვენი ვალდებულებაა ახალი რეგლამენტით, რომ თქვენ მობრძანებულიყავით კომიტეტის სხდომაზე,“- მიმართა ირმა ნადირაშვილმა. ხათუნა გოგორიშვილმა კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს განუმარტა, რომ მას კანონის მიხედვით, სესიაზე მისვლა აუცილებლად მოუწევს.
„უბრალოდ გამოსვლის განმავლობაში მინდა , რომ ეს გააცნობიეროთ,რომ კომიტეტზე მოსვლას ვერანაირად ვერ აუვლით გვერდს,“-მიმართა გოგორიშვილმა ოპონენტებს.
რეგლამენტთან მიმართებაში განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. თალაკვაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოწვევის მიზანი კითხვებზე პასუხების მიღებაა, რაც სესიაზეც შესაძლებელია.
„ვერ გავიგე, კომიტეტს გავიგე, რომ აინტერესებს ამის მოსმენა, მაგრამ ყველას გვაინტერესებს მეგობრებო. ცალ-ცალკე კომიტეტებზე უნდა მოვიყვანოთ თუ პლენარულზე უნდა მოვიდეს? ცოტა პოლიტიკურად შეხედეთ, კითხვები თუ გაქვთ დასვით, არ გაქვთ ეტყობა კითხვები,“- მიმართა თალაკვაძემ ოპონენტებს.
თალაკვაძის განცხადების შემდეგ ხათუნა გოგორიშვილმა ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს მიმართა. გოგორიშვილის თქმით, თავის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თქვა,რომ არ აქვს მნიშვნელობა რეგლამენტში რა წერია.
„ცოტა რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია, მით უმეტეს უმრავლესობის ლიდერის მიერ ასეთი განცხადება. რა განსხვავებაა პლენარულ სხდომასა და კომიტეტის სხდომას შორის, მე მგონი, ბატონო არჩილ უკვე გაქვთ იმდენი გამოცდილება, რომ არ განგიმარტოთ,“- მიმართა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე სპიკერს.
ირმა ნადირაშვილმა კი კობა გვენეტაძეს უთხრა, რომ ძალაში რჩება მისი კომიტეტზე მოსვლის მოთხოვნა და ჰკითხა: „აპირებთ მოხვიდეთ კომიტეტზე, თუ აპირებთ, რომ რეგლამენტი თავზე გადაიხიოთ, როგორც ბატონმა არჩილმა მოგვიწოდა?"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ურჩია ეთქვათ ის, რა მიზნითაც კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მისვლა არ სურს.
ბოკუჩავას თქმით, კომიტეტის სხდომებზე მიწვეული მაღალი თანამდებობის პირისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა დეპუტატების გარდა კითხვები სხვა დაინტერესებულმა პირებმაც დასვან.