17 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"მთავრობის მიმართვის საფუძველზე კანონპროექტი განმეორებით მესამე მოსმენაზე გავა" - განათლების მინისტრის მოადგილე გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნაზე საუბრობს

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩააგდებას, რომლის მიხედვითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება იგეგმებოდა, განათლების მინისტრის მოადგილე ეხმაურება. 

ირინა აბულაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ხმის მიცემისას გარკვეული ხარვეზი დაფიქსირდა, რამაც კენჭისყრაში მონაწილეებს პრობლემები შეუქმნა.

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა. ჩვენ არ ვიმყოფებოდით იქ და ცხადია, ზუსტ დეტალებს ვერ გეტყვით. უკვე მთავრობის მიმართვის საფუძველზე კანონპროექტი განმეორებით მესამე მოსმენაზე გავა. ტექნიკური ხარვეზის კონკრეტული დეტალები არ ვიცი. შესაძლებელია, ეს იყოს აპარატურასთან კავშირში ან შეიძლება სხვა გაუგებრობასთანაც იყოს კავშირში. ამაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს"- აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე. 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის დამტკიცებას კი 76 ხმა სჭირდებოდა.

დეპუტატებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ განმარტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ხმა არ ესმოდათ და ვერ გაიგეს, რომელ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს.

დღის ამბები