სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტს, რომელიც გუშინ პარლამენტმა ჩააგდო, ორშაბათს ბიუროზე ისევ დაარეგისტრირებენ.
ხმაურიანი კანონპროექტი, რომლის გამოც ქართული ოცნება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, პარლამენტი ერთხელ დააყენებს კენჭისყრაზე.
საატესტატო გამოცდების გასაუქმებლად კანონპროექტმა დეპუტატების საჭირო რაოდენობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. გაირკვა, რომ დეპუტატებმა კანონს შეცდომით არ მისცეს ხმა. ისინი ამტკიცებენ, რომ ხმა არ ისმოდა და რომელ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს, ვერ გაიგეს.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, კი აბიტურიენტებს ჰპირდება, რომ ქართული ოცნება მათ დანაპირებს შეასრულებს და გამოცდები გაუქმდება.
„მე აბსოლუტურად ვიზიარებ საზოგადოების რეაქციას და პირადად მეც გიერთდებით ძალიან კრიტიკულ შეფასებაში იმ ტექნიკური პრობლემის, რომელიც დაფიქსირდა. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიდრე თბილისის სასახლეში გააგრძელებდა პარლამენტი მოღვაწეობას, მსგავსი პრობლემები ქუთაისის სასახლეში, ალბათ, საზოგადოებას არ ახსოვს. ახლა ნამდვილად არის ტექნიკური პრობლემა, განსაკუთრებით თუკი არის ხმაური დარბაზში. ჩვენს კოლეგებს, ყველას არ აქვს საშუალება, აკუსტიკური პრობლემა არის დარბაზში და ეს პრობლემა უნდა იყოს აღმოფხვრილი,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე განმეორებითი კენჭისყრა 16 აპრილს ჩატარდება.