ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, გააკეთა.
საქართველო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველების განცხადებას პასუხობს, რომლებიც ბარსელონაში იმ სკოლაში ცხოვრობდნენ, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ესპანეთში ვიზიტისასა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავად აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.
ქართველები, რომლებიც ბარსელონაში, იმ სკოლაში ცხოვრობდნენ, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, აცხადებენ, რომ ვითარება ქართველებთან მიმართებით მას შემდეგ გართულდა, რაც ესპანეთში ვიზიტით დავით ზალკალიანი იმყოფებოდა.
„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეს ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და გზავნილი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის მხრიდან. მსგავსი სახის აბსურდული განცხადებების და ინფორმაციის გავრცელება არის პროვოკაციული და ზიანს აყენებს საქართველოს, ზიანს აყენებს ათასობით და ასობით ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას. პირიქით, ესპანეთში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ საერთოდ ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გვქონდა საუბარი და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდაც გამოაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ესპანეთი საქართველოს განიხილავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას და მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მათ ესპანეთში უკანონოდ ყოფნას და ეს იყო, ასე ვთქვათ, პრევენციული განცხადება,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.