ხორავას ქუჩის მკვლელობა - საქმის ახალმა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გამოაჩინა და რომელსაც დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების პირვანდელი ვერსია უნდა ემტკიცებინა, ვერ გაამართლა.
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანმა ლ.ნ-მ გამოძიებაში მიცემული მიხეილ კალანდიას მამხილებელი ჩვენება სასამართლოში პროკურატურის ზეწოლით შეცვალა.
მოწმე, ვისზეც მოკლულის მამა საუბრობს, არასრულწლოვანია ინიციალებით ლ.ნ.
ის საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვისას არ დაკითხულა, რადგან პროკურატურას მიაჩნდა, რომ მისი ჩვენება საქმეზე ღირებული ინფორმაციის მატარებელი არ იყო.
აღნიშნული მოზარდი გამოძიებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც მას ახსნა-განმარტება პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ჩამოართვა.
მოწმემ მაშინ დეპუტატებს დეტალურად აღუწერა ნივთები, რომელიც კალანდიას ხელში დაინახა. ეს იყო ერთ-ერთი მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც კომისია მიხეილ კალანდიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.
კომისიის შემდეგ მოწმე ლ.ნ-მ იგივე სამართალდამცავებთან გაიმეორა.
ჩვენება პროკურატურას საქმეში არ ედო. მისი არსებობის შესახებ ცნობილი მოწმის სააპელაციო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ გახდა, როცა მსჯავრდებულ გ.ბ-ს ადვოკატმა ჩვენება მოიპოვა და სასამართლოში წარადგინა.
რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ პროკურატურა ცდილობს, კალანდიას ხელში დანების არსებობა არ დადასტურდეს.
ადვოკატი ამბობს, რომ მოწმე ლ.ნ სააპელაციო სასამართლოში საერთოდ არ უნდა დაკითხულიყო, რადგან მისი საქმეში არსებობა ახალი გარემოება არ იყო.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწმე პროკურატურას დისკრედიტებული მიხეილ კალანდიას რეაბილიტაციისთვის დასჭირდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, რამაზ ჩინჩალაძის შეფასებით, სახელმწიფო ბრალდების მცდელობა არ გამართლდა. მისი თქმით, გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში არსებული უზუსტობები პროკურატურის ახალი მოწმის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
როგორც გაირკვა, მომხდარიდან, თითქმის, 2 წელში მოწმე ლ.ნ-მ უკეთ აღიდგინა ის ინფორმაცია, რომელიც სისხლიანი დაპირისპირების მონაწილეებისგან კონკრეტულად კი გ.ბ-სგან ხორავას ქუჩის დატოვების შემდეგ მიიღო.
ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურას ამ ეტაპზე სანდოობა დაკარგული მიხეილ კალანდიას რეაბილიტაცია უნდა. სწორედ კალანდიაზე დაყრდნობით ამტკიცებს პროკურატურა, რომ დავით სარალიძე მხოლოდ გ.ბ-მ და გ.ჯ-მ მოკლეს ჯგუფურად.
მოზარდი, ვინც შესაძლოა, სარალიძის მკვლელობის ბრალდებით ციხეში გაუშვან, სასჯელს უკვე იხდის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის. მარტივი გამოსავალი ნახეს, ხელი შეაწმინდონ უკვე მსჯავრდებულს.
17 წლის მოზარდის დედა ისევ ამტკიცებს, რომ მის შვილს, რომელიც წელიწადზე მეტია, პატიმრობაშია, დავით სარალიძე არ მოუკლავს.
ამის დასტურად მათ უკვე აქვთ საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, გ.ბ დათუნა სარალიძის მკვლელობაში გამართლდა, დამნაშავედ კი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სცნეს. თუმცა, მეორე ინსტანციაში პროკურატურამ მათთვის ყველაფერი თავიდან დაიწყო. დედა ამბობს, რომ თავიდანვე მისი შვილისგან იმის აღიარებას ითხოვდნენ, რაც არ ჩაუდენია.
ნინო ფერაძე ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობაში მისი შვილის დადანაშაულებას ცრუ მოწმეებით ცდილობს.