17 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
შიმშილს გაქცეული ათობით ქართველის ისტორია - ექსკლუზიური კადრები ბარსელონას სკოლის მიტოვებული შენობიდან 

მასშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონაში და შტურმით აღებული ყოფილი სკოლის შენობა - საქართველოს ათობით მოქალაქე ოთახში იყო, როდესაც კარიდან და ფანჯრიდან ნიღბიანი სპეცრაზმელები შევიდნენ.

ერთ-ერთი ოჯახი ამბობს, რომ საქართველოში მათი ბრძოლა არსებობისთვის უშედეგო აღმოჩნდა და, როდესაც მიხვდნენ, რომ ერთ დღეს პურსაც ვეღარ იყიდდნენ, ყველაფერის თავიდან დაწყება გადაწყვიტეს.

ესპანეთში ოჯახი ორ არასრულწლოვანთან ერთად ჩავიდა. ერთი ოთახის ქირაობა 700 ევრო ღირს, ამდენი ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ძველი მიტოვებული სკოლის შენობაში შესახლდნენ. 

ვიდრე სკოლის შენობაში შესახლდებოდნენ, საქართველოს მოქალაქეები ღამეს ქუჩაში ათევდნენ. თებერვლის წვიმიანი ამინდების დროს საძილე ტომრებში რამდენიმე ავად გახდა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო. ბოლოს, სკოლის მიტოვებულ შენობაში აღმოჩნდნენ. ეს ერთი შენობა საქართველოდან სიღარიბეს გაქცეული ათობით ქართველის ისტორიას აერთიანებს.

ქუთაისიდან ბარსელონაში პირდაპირი ავიარეისი კვირაში სამჯერ დაფრინავს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ რეისის მგზავრების დიდი ნაწილი ევროპაში რჩება და თავშესაფარს ითხოვს.

ემიგრანტების სახლის დამფუძნებელი, დიანა ციხისთავი, ყვება, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი ხალხმა დაკარგა და ამიტომ ევროპაში ახალი ცხოვრების ძებნა დაიწყო.

შენობაში, სადაც საქართველოს ათობით მოქალაქე ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება, საცხოვრებელი პირობები არ არსებობს. ჩამსხვრეული მინების ნაცვლად, ფანჯრები დროებით მუყაოთი გაამაგრეს, ძველი გადაყრილი ავეჯი საკლასო ოთახებში შეიტანეს და საძინებლებად გადააკეთეს.

ბავშვების სკოლაში ვერ დადიან, საბუთები არ აქვთ. სკოლაში მანამდე ვერ ივლიან, ვიდრე ესპანეთის ხელისუფლება დევნილის სტატუსს არ მისცემს. ენა არც ერთმა არ იცის, ამიტომ წერილების წერაში მათ ემიგრანტების სახლი ეხმარება.

ორშაბათს ყველა უწყებას წერილს გაუგზავნიან და დახმარებას სთხოვენ. კიდევ ერთხელ უხსნიან, რომ ცხოვრობდნენ ქვეყანაში, რომელიც არც უსაფრთხოა და არც ხალხია პოლიტიკური დევნისგან დაცული, თუ არ გაუმართლათ, მაშინ მათ იმავე რეისით დააბრუნებენ უკან სამშობლოში, რომელი რეისითაც ორი თვის წინ, ევროპაში ახალი ცხოვრების დასაწყებად წავიდნენ. 

 

დღის ამბები