საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი მასწავლებელს შვილის ცემაში ადანაშაულებს.
ინციდენტი სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მოხდა. ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მტკიცებით, ის ოთახში სწორედ იმ დროს შევიდა, როცა პედაგოგი, ინგა ვეკუა, კუთხეში მყოფ მისი 5 წლის შვილს აჯანჯღარებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ინციდენტს მშობელსა და აღმზრდელს შორის შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც თამთა გამსახურდიამ პოლიცია გამოიძახა.
„ყელზე ექაჩებოდა. შეურაცხყოფა მიაყენა. მერე ბავშვები გამოიყვანა ხომ გცემდათო ზუკაო, თქვითო ბავშვებს ეკითხებოდა. ვიჩხუბეთ, კონფლიქტი მოგვივიდა ორივეს. მერე ძიძას ვკითხე და მერე რაო, შენი შვილი მეც მიცემიაო და რა მოხდაო. ბავშვი ვნახე გასიებული ჰქონდა თვალები, ტიროდა, გაშავებული იყო ბავშვი, შიში ჰქონდა,“-აცხადებს ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა თამთა გამსახურდია.
ბავშვის ცემის ფაქტს უარყოფს ინგა ვეკუა. მისი მტკიცებით, მისი აღსაზრდელი საკმაოდ უხეში ბავშვია და ის თანატოლებზე ხშირად ძალადობს, რის გამოც მან მშობელს ბაღში მისვლა სთხოვა და ამტკიცებს, რომ თამთა გამსახურდიას მხრიდან პოლიციაში ჩივილის მიზეზი სიტყვიერი შელაპარაკების გამო შურისძიებაა.
„ბავშვებმა დაიწყეს ჩხუბი, კინკლავი. მე მათ შორის აღმოვჩნდი და ნიაკო გადმოვიყვანე ჩემს მარცხნივ, გავაშველე. ზუკა იყო აგრესიული. ხელებს, ფეხებს იქნევდა და მე შევრჩი, სათვალე, ჯვარი, რომელიც მქონდა მომგლიჯა. მე მოვიხმე დარიგების მიზნით დედა, მაგრამ რაღაცა თითქოს და გამოდის ისე რომ მე ინტერესი მქონდა ზუკასი და მას ვჩაგრავდი,“-განაცხადა ბაღის მასწავლებელმა ინგა ვეკუამ.
სასამართლო პროცესი ზუგდიდში ერთ საათში უნდა დაიწყოს.