დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწიმებს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა ადგილობრივის გამოკითხვა. ასევე დაიკითხებიან "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებიც.
„მოხდა სავარაუდოდ გაზის აფეთქება. ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპისთვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ევაკუირებული იქნა ყველა მოქალაქე. სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. გამოძიება დაწყებულია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იკითხება ყველა პირი, მათშორის ყაზტრანსგაზის თანამშრომლები,“-განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ.