17 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
ფეკალური მასა, რომელიც პირდაპირ გზაზე მოედინება - თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ  

თბილისის ზღვის დასახლებაში, იოსებ ჟორდანიას ქუჩაზე უკვე წლებია კანალიზაციის სისტემა არ არსებობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. დაგროვებული ფეკალური მასები პირდაპირ სავალ გზაზე მოედინება. მოუწესრიგებელი საკომუნიკაციო სისტემის გამო იტბორება სახლის სარდაფები, დაბინძურებულია ნიადაგიც. 

დაბინძურებული მასები თბილისის ზღვაში ჩაედინება. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს გამგეობას, მერიას და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს,“ თუმცა უშედეგოდ.

თბილისის ზღვის დასახლების პრობლემას კარგად არ იცნობს დედაქალაქის მერი, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი დასახლება დგას, მერია კი ეტაპობრივად გეგმავს ქსელის მოწყობას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, რომ ამ ქუჩაზე მათ არ ჰყავთ აბონენტები და შესაბამისად ვერ გაუწევენ მომსახურებას.

მოსახლეობა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს და გზების გადაკეტვას აანონსებენ. ადგილობრივები სარჩელის მომზადებას და „ჯივიპის“ წინააღმდეგ საქმის აღძვრასაც არ გამორიცხავენ.

ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები