სოფელ ქობულეთში მცხოვრებ გოგმაჩაძეების 4 სულიან ოჯახს ყოველი ღამი გათენება საკუთარ სახლში შიშის ფასად უწევს. ისედაც ავარიული სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია. მეწყერი სახლთან ახლოს ერთი წლის წინაც ჩამოწვა, რის შემდეგაც მიწამ დაიწია და სახლს ნაპრალები გაუჩნდა. ოთახებში ჩადის წვიმა და თოვლი, რის გამოც მორყეული და ჩამორეცხილია კედლები. სოციალურად დაუცველი ოჯახი შიშობს, რომ სახლი შესაძლოა ძლიერი ქარის დროსაც კი დაენგრეთ, დამეწყრილი მთა კი პატარა ბიძგმა ჩამოშალოს და ქვეშ მოიყოლოს. ამიტომ ისინი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ან სხვაგან გადაყვანას ითხოვენ.
გოგმაჩაძეების სახლი გეოლოგებმა რამდენიმე დღის წინ შეამოწმეს და მის მდგომარეობაზე დასკვნა უნდა მოამზადონ. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ სწორედ ამ დასკვნის შესაბამისად გადაწყვეტენ დაეხმარებიან თუ არა გაჭირვებულ ოჯახს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.