სამაუწყებლო კომპანია "რუსთავვი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანია "იმედს" მიმართავს და მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინტელიგენციის წერილი, სადაც ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, ნიკა გვარამიას გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი.
საუბარია "იმედის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე სათაურით - "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა". გადაცემა "იმედის კვირამ" რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა ფეისბუქ ლაივებში.
გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ მიიღო საპროტესტო წერილი, თუმცა აღნიშნული წერილი ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. ნიკა გვარამია ითხოვს დასახელდნენ აღნიშნულ წერილზე ხელმომწერი ადამიანები. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვლის, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ის ტელეკომპანიამ მოიგონა.
"მივმართავ ტელეკომპანია იმედს:
გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ გუშინ ჩემთვის მოძღვნილ სიუჟეტში გაცხადებული ე.წ. აღშფოთებული ინტელიგენციის წერილი, რომელშიც დაგმობილი ვარ და პრაქტიკულად ჩემს გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი. ასევე დაასახელეთ წერილზე ხელმომწერი ადამიანები და სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და თქვენმა ტელეკომპანიამ ის უბრალოდ გამოიგონა, რადგან არ არსებობს აღნიშნულის არც ერთი დადასტურება, თქვენს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გარდა,"-აცხადებს ნიკა გვარამია.