17 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
მოხდება უსაფრთხოებისთვის საჭირო ცვლილებები, თუმცა ადამიანებმაც უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე - კალაძე დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე

აფეთქება დიღმის მასივში - დედაქალაქის მერი რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს და მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. კახა კალაძის თქმით, მოსახლეობა, რომელიც გუშინ მომხდარი აფეთქების დროს დაზარალდა კორპუსიდან გაყვანილია და მერია მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

„პირველივე წუთიდანვე გამგეობა, გამგებელი ადგილზე იყო. მოხდა ადამიანების გამოყვანა, დროებით ბინებს ვიქირავებთ და დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რომ ყველაფერი მალე აღდგეს, რაც დაზიანდა,“-ამბობს ქალაქის მერი.

კახა კალაძის თქმით, რეგულაციების გამკაცრების შესახებ მას საუბარი შესაბამის უწყებებთან ჰქონდა. კალაძე ამბობს, რომ შესაბამისი სამინისტროებიდან არსებობს მზაობა და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

„მათი თანხმობაც არის, ერთიანი ძალისხმევით მოხდება ის ცვლილებები, რაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა მაშინვე ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდან იქნება აცილებული. ეს იქნება სავალდებულო, თუმცა ადამიანებმაც უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე,“- განაცხადა კალაძემ.

აფეთქება დიღმის მასივში - მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. აფეთქებისას 8 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

დღის ამბები