დიღმის მასივში, კორპუსში სადაც, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ნაწილი შეუშვეს. ისინი სახლებში მხოლოდ პირადი ნივთების ასაღებად ავიდნენ, რადგან ბინებში ცხოვრებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც ექსპერტები დაასკვნიან, რომ კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათი სადარბაზოები ორი თვის წინ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა შეამოწმეს, თუმცა უცნობია შემოწმდა თუ არა ბინა, სადაც გაზი აფეთქდა.
„მესამე და მეოთხე სადარბაზო დაცლილია. ახლა ველოდები ნივთების შესატანად შევიდე. ოთხშაბათს გადაწყდება ცხოვრებას შევძლებთ თუ ვერა. ორი თვის წინ იყვნენ "ყაზტრანსგაზიდან", არ ვიცი იმ ბინაში იყვნენ თუ არა,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მომხდართან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს კომენტარს ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილის თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა რისკის ქვეშ დგას თითოეული მოსახლე. ენერგოომბუდმსენი ამბობს, რომ ყველაზე სახიფათო ძველი აშენებული კორპუსებია.
„აქ გაზის სახით ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ ვაჩერებთ. შედგენილია ოფიციალური წერილი, მოვითხოვთ ყაზტრანსგაზისგან ოფიციალურ ინფორმაციაა და ახსნა-განმარტებას. მექნება ინიციატივა ქალაქის მერიასთან ერთად, უახლოესი თვეების განმავლობაში გაკეთდეს მასობრივი შეხვედრები კორპუსის თავმჯდომარეებთან, მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რასაც შემდეგ ის თავის კორპუსში გაავრცელებს,“- ამბობს ენერგოომბუდსმენი.