რუსეთის მხრიდან უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევის მორიგი შემთხვევა ტელეკომპანია BBC-მ გამოააშკარავა. BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ კრემლი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის, მადაგასკარის არჩევნებშიც კი ერეოდა.
გავრცელებული ცნობით, გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსების გუნდი პრეზიდენტობის 36 კანდიდატიდან სულ მცირე 6 კანდიდატის ფულით მოსყიდვას ცდილობდა.
კრემლთან დაახლოებული პოლიტ-ტექნოლოგები მადაგასკარში არჩევნებამდე 8 თვით ადრე ჩავიდნენ და თავს ტურისტებად ასაღებდნენ. BBC-ის ინფორმაციით, ჯგუფს, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის მეგობარი, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებდა.