17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ხელვაჩაურის სამარხში ნაპოვნი სასულიერო პირების ნეშტებს 21 აპრილს სამოქალაქო წესით დაკრძალავენ

ხელვაჩაურში აღმოჩენილ ნეშტებს 21 აპრილს, სამოქალაქო წესით დაკრძალავენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, მიღწეულია შეთანხმება, რომ ნაპოვნ ძვლებს დნმ-ის ანალიზიც ჩაუტარდებათ.

ხელვაჩაურში სამარხში აღმოჩენილი ძვლები თითქმის 2 წლის განმავლობაში ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე ინახებოდა. სწორედ ამას მოჰყვა მუსლიმთა თემის გაღიზიანება. ნეშტების ნაწილი მუსლიმ სასულიერო პირებს ეკუთვნის. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაღუპული სასულიერო პირები შთამომავლებისთვის დაუშვებელი იყო რომ ძვლები მართლმადიდებლურ ტაძარში ინახება.

„ამ სიებში, რომელიც გამოქვეყნდა არის მოხსენიებული მუსლიმი სასულიერო პირები, ვინც არიან დახვრეტილები. მაშინ, როგორც მოგეხსენებათ, ავტორიტეტებად ითვლებოდნენ სოფლებში სასულიერო პირები და ზოგადად ისეთი ადამიანები დახვრიტეს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდა მათი აზრით სისტემისთვის და ესენი ძირითად იყვნენ ძირითად ამ შემთხვევაში მუსლიმი სასულიერო პირებიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა შეხვედრები შთამომავლებთან რომლებიც აცხადებენ პროტესტს, რომ მოხდეს ამ ძვლების იდენტიფიცირება. რა თქმა უნდა აქ არ არიან მხოლოდ მუსლიმები. არიან სხვა სარწმუნოების ადამიანებიც ამიტომ ძალიან სერიოზულად და ფრთხილად არის ეს საკითხი განსახილველი ჩემი აზრით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ძვლების მიმართ ჩაატაროს დნმ-ს ანალიზი და მოხდეს იდენტიფიცირება ამ საკითხთან დაკავშირებით,“-განაცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ.

2 წლის განმავლობაში მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებოდა მართლმადიდებელი ეკლესია. ინფორმაცია კი საჯარო 2 დღის წინ გახდა, მაშინ როდესაც მხარეები იმ ტერიტორიაზე შეთანხმდნენ, სადაც ნეშტები დაიკრძალება.

„ჩვენ გვინდოდა რა თქმა უნდა, რომ მაშინვე რომ დაგვეკრძალა და მაშინვე რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი გასაჯაროებული. უბრალოდ მთავრობასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება ტერიტორიების გამოყოფასა და დნმ-ს ჩატარებაზე. ეს გაიწელა დროში. როგორც კი ნაწილობრივ თანხმობა მიღწეული იყო თუნდაც ის, რომ ტერიტორიის საკითხი უკვე გადაწყდა, სად უნდა დამარხულიყო ჩვენ მაშინვე გამოვაქვეყნეთ ეს სიები. მაგრამ აქ არის 600 ადამიანი დახვრეტილი და ჯერ ჯერობით არის 150-მდე ადამიანის სხეული არის რომელიც მოთავსებული არის პირველ სართულზე საკათედრო ტაძრის. რადგანაც სხვა ტერიტორია არ მოიძებნა სადაც მათი შენახვა შესაძლებელი იქნებოდა,“-განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა მამა იოანე გორელიშვილმა.

ხელვაჩაურში ნაპოვნი სამარხები 1937-38 წლებში რეპრესირებულ სასულიერო პირებს ეკუთვნით. მათგან ნაწილი მუსლიმი, ხოლო ნაწილი მართლმადიდებელი სასულიერო პირები არიან. 

დღის ამბები