„ბიბლიური თავისუფლება“ შარლატანური ორგანიზაციაა“ - ასე მოიხსენიებს ორგანიზაცია „მართლმადიდებლურ-კატაკომბური ეკლესიის“ დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციას. გიორგი ანდრიაძე მის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
„გირჩმა“ დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. სხვათა შორის, საქართველოს კანონმდებლობითაც არ შეიძლება ეს, ანუ უკანონოდ მოხდა მისი რეგისტრაცია. ვითხოვთ, „ გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციის, არ შეგეშალოთ პოლიტიკური ორგანიზაცია სხვა არის, მისი რეგისტრაციის ბათილად ცნობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,“- განაცხადა ანდრიაძემ.
ანდრიაძის თქმით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი „გირჩის“ მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან არიდების მიზნით გაწევრიანდნენ. ის ასევე ამბობს, რომ მის მიერ დაარსებული მართლმადიდებლური ორგანიზაცია აღნიშნული ვალდებულებისგან თავის დაღწევის ალტერნატიული საშუალებაა.
როგორც თავად ანდრიაძე განმარტავს, „მართლმადიდებლურ-კატაკომბური ეკლესიის“ შექმნის მიზანი სწორედ „გირჩის“ მიერ დაარსებული ფსევდო რელიგიური ორგანიზაციიდან ახალგაზრდების გადმობირებაა, რათა ისინი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას დაუბრუნოს.