თელავის უნივერსიტეტში 25 წლის მაგისტრანტის დაჭრას თვითმხილველები იხსენებენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ მათ სროლის ხმა იმ დროს გაიგეს, როცა ავთო კიკნაძემ საკუთარი ავტომობილი სასწავლებელთან გააჩერა.
„მოვიდა უნივერსიტეტში. მეგობრებმა გასროლის ხმა გაიგეს და ამბობდნენ, რომ ხლაპუშკის ხმა გვეგონაო, მაგრამ ამას ყვირილი დაერთო, ასე დამამახსოვრდა, რომ ყვიროდნენ, რას აკეთებ ბიჭო, არ გააკეთო და გოგონები ყვიროდნენ ამ მხრიდან. ავთო სასწრაფომ გადაიყვანა, მაგრამ არ ვიცით, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც დაჭრა ავთო,“ - ამბობს სტუდენტი ნინო ბოჭორიძე.
თელავის უნივერსიტეტში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი 25 წლის ავთო კიკნაძე, უნივერსიტეტის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.