17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
იურიდიული კომიტეტის უარი ომბუდსმენს - სახალხო დამცველს გამოძიების დასრულებამდე საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება

ომბუდსმენს მკვლელობასა და ძალადობაზე გამოძიების დასრულებამდე საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც სახალო დამცველისთვის მკვლელობასა და ძალადობაზე გამოძიების დასრულებამდე საქმის მასალის გაცნობის უფლების მინიჭებას ითვალისწინებდა.

ომბუდსმენი ფიქრობს, რომ სიცოცხლის მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე გამოძიება ხშირად არაეფექტური და გაჭიანურებულია, რის გამოც საქართველო საერთაშორისო ორგანოების მხრიდან კრიტიკის ობიექტიც გამხდარა. ამიტომ სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ მას კანონმდებლობით მიეცეს ეფექტიანი ზედამხედველობის შესაძლებლობა.

„გვინდოდა, რომ ეს უფლებამოსილება ყოფილიყო ჩვენი კომპეტენცია, რომლის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემოდა მაშინ როდესაც იარსებებდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ხორციელდება. ჩვენ ამ საკითხზე  საუბარი გვაქვს ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშში რომლის შესახებაც მსჯელობა აწი და აწი კიდევ უნდა  გაიმართოს პარლამენტში. და იმედს ვიტოვებთ რომ მის ფარგლებში კიდევ მოგვეცემა საშუალება რომ ამ საკითხზე დამატებით კიდევ ვიმსჯელოთ,“-განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის საზედამხედველო ფუნქციებს გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ომბუდსმენს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოითხოვოს მიმდინარე საქმეებზე მასალები.

„საგამოძიებო უწყებები ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობენ, იმიტომ რომ ისინი არიან სრულად პოლიტიზირებული და ხელში აქვს მარტივად ჩაგდებული ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ არ გაუფართოვეს არც სახალხო დამცველს თავის უფლებამოსილებები,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სახალხო დამცველის მანდატის გაფართოებაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეც. ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საფრთხეს ხედავს იმაში, რომ გაიზარდოს უფლებამოსილებები სახალხო დამცველს.

„მათ გადაწყვიტეს უარი უთხრან ომბუდსმენს მანდატის გაფართოებაზე, ვინაიდან ამაში საფრთხეს ხედავენ და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი. ევროპული საქართველო აპირებს სახალხო დამცველთან  კონსულტაციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივის ფორმირებაზე მუშაობას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები