17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
არასწორი დიაგნოზი - 26 წლის ნათია ჩაგანავას გარდაცვალების საქმე ისევ გამოუძიებელია

26 წლის ნათია ჩაგანავას გარდაცვალების ხმაურიანი ისტორია ერთი წლის თავზეც გამოუძიებელია. ოჯახი მისი მკურნალი ბათუმელი ექიმების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ერთი წელია, უშედეგოდ ითხოვს.

ახალგაზრდა ქალი კომაში მშობიარობიდან მეორე დღეს ჩავარდა. გარდაცვლილის დედა იხსენებს, რომ გოგონა მანამდე, სანამ გონზე იყო, ცდილობდა, ექიმები დაერწმუნებინა, რომ ცუდად იყო და შველას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

ვიდრე ორგანიზმს სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა, ოჯახი მის სხვა კლინიკაში გადაყვანას თხოვდა. ნათია ჩაგანავას ძმა ყვება, რომ ამ შეთავაზებას ბათუმის ზღვის ჰოსპიტალის ექიმები არ დათანხმდნენ. ერთთვიანი ლოდინის შემდეგ კი იძულებულები გახდნენ, 26 წლის ახალგაზრდა თურქეთში წაეყვანათ. ოჯახს ფული არ ჰქონდა, ამიტომ საზღვარგარეთ მკურნალობის თანხა სოციალური ქსელებითა და საქველმოქმედო ღონისძიებებით მოსახლეობამ შეაგროვა. ჩაგანავებმა მხოლოდ ამის შემდეგ გაარკვიეს, რომ ბათუმელმა ექიმებმა დიაგნოზი სწორად ვერ დასვეს.

გაირკვა, რომ კომაში ჩავარდნამდე გოგონას ინსულტი ჰქონდა, რის გამოც კიდურების მოძრაობა შეეზღუდა და თავის ტვინის შეშუპება დაეწყო. ოჯახი ამბობს, რომ გოგონას ინსულტის დაგვიანებული მკურნალობის გამო ახალგაზრდა ალის გადარჩენა ვეღარც თურქეთში შეძლეს. 11 აპრილს ნამშობიარები გოგონა 26 მაისს თურქეთში გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროში უკვე ერთი წელია, ამბობენ, რომ არც ერთი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, რადგან მტკიცებულებების შესწავლა არ დამთავრებულა. რაც შეეხება კლინიკას, სადაც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ, დააჯარიმეს, რადგან მას ლიცენზიის პრობლემები ჰქონდა.

 

 

 

დღის ამბები