17 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
გაფლანგული ფული აჭარაში - ნახევარ მილიონად ნაყიდი დანიური ძროხები დაიხოცა, სოცდაუცველებისთვის აშენებული სახლი კი ინგრევა

გაფლანგული მილიონები აჭარაში - პროექტები, რომლისთვის ხალხის ფული გამოიყო, არ შესრულდა. 

ჩაქვში ერთ-ერთ შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები უნდა შეესახლებინათ. ძველი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 70 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. გამოყოფილი თანხა კარ-ფანჯრების შეცვლაში დაიხარჯა, რომელიც დღეს უკვე გადასაყრელია. შენობაში შესვლაც კი სახიფათოა. სახურავი არ არსებობს, კედლები კი ინგრევა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა, სადაც სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს უნდა ეცხოვრა, ნარკომომხმარებლების ფარულ თავშესაფრად არის ქცეული.

ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა მთავრობამ დანიური ძროხების ჩამოყვანაში. ჯერსის ჯიშის ერთ ძროხაში 6600 ლარი გადაიხადეს და ადგილობრივებს არწმუნებდნენ, რომ ეს მათი შემოსავლის ზრდის გზა იქნებოდა, რადგან დანიური ძროხა 20 ლიტრ რძეს მისცემდა. 72 ძროხიდან ცოცხალი არც ერთი აღარ არის. ხალხი დაზარალდა.

ხულოს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი ჯორბენაძის, თქმით, ძროხებით ხელისუფლებამ დიდი ფული იშოვა. ირკვევა, რომ კომპანია, რომელმაც საქართველოში დანიური ძროხები ჩამოიყვანა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაახლოვებულ პირს ეკუთვნის.

სარფში გზის პრობლემის მოსაგვარებლად 58 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყო. დაწყებული მშენებლობა მალევე შეჩერდა. ოპოზიციის მტკიცებით, ფული გაიფლანგა.

ქობულეთში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. ფული დაიხარჯა, მერიამ პროექტი ჩაიბარა, თუმცა მას შემდეგ სპორტკომპლექსი დახურულია და რაც გაკეთდა, ისიც ფუჭდება.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ კურიერს ბოლო დროის ყველაზე დიდ კორუფციული სკანდალზე უამბო.

ლევან ვარშალომიძის თქმით, 2012 წელს დიდი ფული ახალი ბულვარის მშენებლობისთვის გამოიყო. ბულვარი გონიოს ციხემდე უნდა გაეგრძელებინათ, ხიდი აეშენებინათ და ახალი ტურისტული მარშრუტი გაეჭრათ. ფული გაქრა, ბულვარი კი ისევ იქ მთავრდება, სადაც მანამდე.

კურიერის გადამღები ჯგუფი აჭარის საოლქო პროკურატურაში იმის გასარკვევად მივიდა, თუ რატომ არ რეაგირებს რეგიონის მთავრი საგამოძიებო უწყება მოქალაქეების საჩივრებზე. მოსახლეობა პროკურორებს მთავრობის საქმიანობის გამოძიებას სთხოვს.

აჭარის საოლქო პროკურატურის თანამშრომლები რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფის დანახვამ ისე შეაშინა, რომ შენობაში კამერის გარეშე შესვლაც კი აუკრძალეს. წრიული კარი ჩაკეტეს და 20 წუთის განმავლობაში ჟურნალისტს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.  

 

დღის ამბები