მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მსჯელობის დაწყებას ითხოვს. ის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა.
დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა უნდა გამოიძიოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. თუმცა დეპუტატებს საკითხზე ამ დრომდე არ უმსჯელიათ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭიროა, რათა ნათელი გახდეს, რა მოხდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს.
„აქ პირდაპირ იყო მოსული ის არაადამიანი, მხეცი გომელაური და ათასი ტყუილები ილაპარაკა, აქედან წავიდა. ამის გამო არ ვქმნით ჩვენ საგამოძიებო კომისიას. შექმნიან, ჩვენ ვაიძულებთ ყველანი ერთად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მთელმა საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რაშია საქმე. უნდა გაიგოს, რომ რატომ ვდგავარ მე უკვე 9 თვე. ამ ყველა სისასტიკის ქვეშ რატომ ვდგავარ და რატომ ვითხოვ. მე იმიტომ ვითხოვ, რომ ქვეყანაში ყველამ გაიგოს, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს დღე სათავეში. მე იმას ვაპირებ, რომ ამათ დავამხო ეს სისტემა თავზე, ამას ვაპირებ და ამას შევძლებ. მე თუ ეს ვერ შევძელი, თუ მარგუნეს ისევე ტყვია, როგორც არგუნეს თემირლანს, დანარჩენები გააკეთებენ ამას. სამყარო რომ დაიქცეს ეს საქმე გაიხსნება, მთელი საქართველო გაიგებს რაშია საქმე და ესენი წავლენ სახლში, ამას ველოდები და ამას გავაკეთებ მე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მალევე დატოვა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს და ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლეს, რაც 19 წლის ახალგაზრდამ ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კი კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები.
სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.