ტელეკომპანია იმედის შესასვლელთან მაუდის ფაბრიკის ყოფილმა თანამშრომლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათთან ერთად ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილიც, იმყოფებოდა.
ფაბრიკის თანამშრომლები ყოფილ დირექტორს, ირაკლი რუხაძეს, ტყუილსა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, რუხაძემ ფაბრიკა უკანონო გარიგების სანაცვლოდ გაყიდა და თანამშრომლები კომპენსაციის გარეშე დატოვა.
„ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. სიჩუმე და სირაქლემის პოზა, რომელშიც ირაკლი რუხაძე და ივანიშვილია, მათ ვერ გადაარჩენთ. ან ულტიმატუმის ფარგლებში 10 მაისამდე გადასცემენ დაპირებულ კომპენსაციას 600 ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც აქციები ჰქონდა და კაპიკი არ მიუღია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ იქნება მწვავე აქცია,“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
დაზარალებულები კომპენსაციას უკვე რამდენიმე წელია, ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
„იმედის ტელევიზია ერთხელ მაინც არ გამოვიდა, ხალხის ბედნიერი ტელევიზიაა ვითომ და ერთხელ მაინც გამოსულიყო და ამ ხალხისთვის თვალებში ჩაეხედა, ვინ არის ბედნიერი და არ არის ამ ქვეყანაზე. ქონება მარტო თვითონ დაიბრუნეს ივანიშვილმა და ირაკლი რუხაძემ სამართლიანობის აღდგენით, დანარჩენი ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია,“ - განაცხადა აქციონერთა უფლებადამცველმა, ირმა ვაჭარაძემ.