საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოდან საფრანგეთის მონპელიეში უკიდურესი გაჭირვების გამო გაიქცნენ, ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ქუჩას "ქართველების კარვების" ქუჩა შეარქვეს.
მონპელიეში „კურიერის“ ჟურნალისტი ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა. მცირეწლოვან ბავშვებს ასფალტზე სძინავთ, არ აქვთ საპირფარეშო, აბაზანა, საკვები.
ქართველი ემიგრანტები იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაარწმუნონ, რომ თავშესაფარი მისცეს. მათი თქმით, საქართველოს დატოვება უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების გამო მოუწიათ.
„იმის გამო წამოვედით, რომ ჩემი ძმა სამკურნალოა, საავადმყოფოში წევს. ოპერაცია გაუკეთეს. არ გვაქვს საცხოვრებელი, არ გვეხმარება არავინ. ვართ გარეთ,“- განუცხადა საქართველოს მოქალაქემ „კურიერს“.
ქართველი ემიგრანტების თქმით, მონპელიეში მათ აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ასახელებენ. მათ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რისი საფუძველიც არ აქვთ.
„საცხოვრებელი სახლი საქართველოში არ გვაქვს, არც სამუშაო. ჩვენ ვითხოვთ მკურნალობას და დროებით გაჩერების უფლებას. აღარ იღებენ არავის იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვთ და საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ძალიან უჭირს ხალხს საქართველოში ცხოვრება,“- განუცხადა „კურიერს“ საქართველოს მოქალაქემ.
მათი თქმით, საქართველოში უსახსრობის გამო მკურნალობას ვერ ახერხებდნენ.
„20 დღეა, კარავში ვწევარ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. საქართველოში მკურნალობა არ იყო. თუ გაქვს ფული, გადარჩები, თუ არადა მოკვდებიო, აი, ასეთი სიტყვა მომცეს საქართველოში ექიმებმა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
დეტალებს მაყურებელი „კურიერში“ 21:00 საათზე ნახავს.