ხელისუფლება მხოლოდ Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში და მხოლოდ ამ სეზონზე კონცერტებსა და გასართობ ღონისძიებებში 6 ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს. ცნობილია, რომ შემსრულებლების ჰონორარი ბიუჯეტს 4 მილიონ 500 ათასი, ტექნიკური სამუშაოები კი 2 მილიონი ლარი დაუჯდება. არც შემსრულებლების და არც ღონისძიებების გრაფიკი, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
შესყიდვების სააგენტოს გვერდზე უკვე განთავსდა Black Sea Arena-ს მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ის არა ტენდერის ჩატარებას, არამედ შემსრულებლების დაქირავებას გამარტივებული წესით გეგმავს და 6-ს მილიონზე მეტს მათ გადაუხდის, ვისაც თავად შეარჩევს.
Black Sea Arena-ს ხელმძღვანელობა რამდენიმე კვირის შეცვლილია, სეზონი კი კარზე მომდგარი. არენაში ამტკიცებენ, რომ პირდაპირი შესყიდვის გარეშე კონცერტები საერთოდ ვერ იქნებოდა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ცნობილი შემსრულებლებს ტენდერში მონაწილეობა არ უნდათ.
„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია დარწმუნებულია, რომ თუ სახელმწიფო უწყებები ოპერატიულად იმოქმედებდნენ, ვარსკვლავებთან მომლაპარაკებელი სააგენტოს მოძიება და თანხების დაზოგვა შესაძლებელი იყო.
ახალ სეზონზე ირკვევა ისიც, რომ წელს Check in Georgia-ს ზედამხედველი უწყება არა ეკონომიკის სამინისტრო, არამედ განათლების და კულტურის სამინისტრო და პირადად მიხეილ გიორგაძე იქნება.
„ბრავო რეკორდსის“ ხელმძღვანელი, ზაზა შენგელია იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გიორგაძესთან დაკავშირებული კომპანიები ბიუჯეტიდან ასობით ათას ლარს იღებდნენ, უცხოელი მომღერლები ჩამოჰყავდათ და ძალიან მაღალ ჰონორარს უხდიდნენ, ამით კი ბიუჯეტი ზარალდებოდა.
ის, რომ ტენდერით ვარსკვლავების არენაზე ჩამოყვანა შესაძლებელი იყო, ამის მაგალითად ზაზა შენგელია სწორედ იმ ტენდერს ასახელებს, რომელიც „ბრავო რეკორსდმა“ იანვარში მოიგო და ზაფხულში Black Sea Arena-ზე მერაია ქერის უნდა ემღერა. საკითხი ამ დრომდე გაიწელა და კონტრაქტი არ გაფორმებულა. ზაზა შენგელიას დღეს Black Sea Arena-ას დირექტორმა უპასუხა და თქვა, რომ ხელშეკრულება არც გაფორმდება.
Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს 2016 წელს გადასცა. საზოგადოების ნაწილი მაშინ ვარაუდობდა, რომ ძვირადღირებული დარბაზის შენახვა ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. ასეც მოხდა. გასულ წელს Black Sea Arena-ამ სეზონი მრავალმილიონიანი ზარალით დახურა.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი