საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეს ცენტრში კარვების რაოდენობა გაიზარდა - საიმიგრაციო სამსახურის შესასვლელთან საქართველოს მოქალაქეებმა დამატებითი კარვები გაშალეს. პრეფექტურის შენობის წინ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დღეს აქციაც იგეგმება.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოდან უკიდურეს გაჭირვებას გაექცნენ,
დევნილის სტატუსს ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის.
"აქცია მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ემიგრანტების საკეთილდღეოდ. ჩვენ უნდა ვამხილოთ ჩვენი ხელისუფლება იმ ტყუილებში, რომელსაც ის ტირაჟირებს მთელი ევროპის მასშტაბით და ამის გამო ვხედავთ ხალხს როგორი პრობლემები შეექმნა ევროპის მასშტაბით. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიული კუთვნილებისა, მე მოგიწოდებთ ყველა ემიგრანტს გავერთიანდეთ,"-განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.
საფრანგეთში მყოფი პირების ახლობლები და მხარდამჭერები მონპელიეს აქციის პარალელურად, დღეს შეკრებას აპირებენ თბილისშიც.
მონპელიეს ცენტრი კარვების ქალაქად 3 თვის წინ იქცა. აქ 50-ზე მეტი ოჯახი ბავშვებთან ერთად ელემენტარული პირობების გარეშე ცხოვრობს. საფრანგეთში ემიგრირებული ქართველები ყვებიან, რომ მათი ცხოვრება საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.