„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა. საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლებმა კომპანიის თანამშრომლების ნაწილთან ერთად შრომითი პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების 50 პროცენტით გაზრდა და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მოწესრიგებაა.
„650 ლარის პირობებში ანაზღაურება დასაქმებულების, რომლებსაც გაზრდილი აქვთ სამუშაოს მოცულობა, როგორც აღმრიცხველები არიან, ასევე ასრულებენ ელექტრიკოსის ფუნქციებს და ა.შ. და იმ კომპანიას, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 160 მილიონით გაეზარდა შემოსავალი, არ შეიძლება, რომ საუბარი იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმალურ სტანდარტებს გაუსწორდეს შრომის ანაზღაურების საკითხი,“ - განაცხადა „საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირების” წარმომადგენელმა, ამირან ზენაიშვილმა.
აქციის დასრულების შემდეგ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა და აუხსნა მიზეზი, რის გამოც ვერ ხერხდება ხელფასის მომატება.
კომპანიის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.
„შეთანხმება ვერ შედგა ისეთი საკითხები არის, განგვიმარტეს, რომ რაღაც გარკვეული პროცენტით უმატებენ, რაც არის დასაქმებულებისთვის, დაახლოებით, 50-60 ლარი, რაც რაღა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის ჩვენთვის და დასაქმებულებისთვის. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ბრძოლას. როგორც დავაანონსეთ, თუ იქნება უშედეგო, მოვემზადებით უკვე გაფიცვისთვის, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს,“ - განაცხადა ”ენერგო-პრო ჯორჯიას” პროფკომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჩოხელმა.
„ენერგო პრო ჯორჯია“ პროცესს ორგანიზებულს უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის იმიჯის დაზიანებას.
„ეს, რა თქმა უნდა, გახლავთ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანიის იმიჯის დაზიანებას. რა თქმა უნდა, ამით ჩვენ არ გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენი თანამშრომლები არიან ძალიან კარგ პირობებში ან ჩვენ ყველაფრით კმაყოფილი ვართ ან ჩვენ ვართ იდეალური მენეჯმენტი. საბოლოო მიზანი არის, რომ მომავალში მაინც ავიცილოთ უსამართლო მიდგომა კომპანიისადმი,“ - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.