17 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ტრაგედია ჭავჭავაძის 5 ნომერში - სამშენებლო კომპანიის დირექტორს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

უსაფრთხოების ნორმების დარღვევით სამუშაოს წარმოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია "ხიმინჯ სერვისის 2-ის" დირექტორს  2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ეს კომპანია ჭავჭავაძის 5 ნომერში აწარმოებდა სამუშაოებს, სადაც მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა. უბედურ შემთხვევას 2 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებლობა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ეს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ინციდენტიდან მეორე დღესვე თქვა. თუმცა, ქვეკონტრაქტორი „ხიმინჯ სერვისი 2-ის“ ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა.

ოთარ ცნობილაძის ადვოკატი სასამართლოს გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობილაძე აღიარებს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული არ იყო. ადვოკატის განცხადებით, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა „ხინმინჯ სრვის 2“-თან ერთად, მშენებელ კომპანია „ტრანსმშენსაც“ ეკისრება.

სასამართლომ დღესვე ჭავჭავაძის 5 ნომერთან 6 დაკავებული აქციის მონაწილის საქმეზეც იმსჯელა. არასამთავრობო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ოთარ ცნობილაძის დაკავებით ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ”პანორამა თბილისის” მშენებლობის დროს მომხდარი ინციდენტის გადაფარვას ცდილობდეს.

13 მარტი - მშენებარე კორპუსიდან 53 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, ამავე დღეს კიდევ ერთი დასაქმებული საბაგიროზე მუშაობის დროს დაიღუპა.

16 მარტი მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.

31 მარტი ჭავჭავაძის 5 ნომერში მიწა ჩამოიშალა და 2 მუშა მოიყოლა - ეს სტატისტიკა არაზუსტია.

ათობით მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევების ფონზე, ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც, სავარაუდოდ, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები