17 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
არ არსებობს საქართველოში მსგავსი უვნებელი ჰიდროელექტრო სადგური - „ხადორი სამის“ გენერალური დირექტორი

არ არსებობს საქართველოში მსგავსი უვნებელი ჰიდროელექტრო სადგური - ეს განცხადება, „ხადორი სამის“ გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, ჰესის უვნებლობის შესახებ, პანკისის ხეობის თითოეულ ოჯახს დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკვე მოძიებულია ინვესტიცია და პროექტის ვადებიც შეთანხმებულია, რაც მშენებლობის ჰესის დროულად დასრულების ვალდებულებას აკისრებს.

„ნუ დაგავიწყდებათ რომ ეს არის ჰიდროელექტრო სადგური, რომელზეც ნებართვა დაახლოებით, ორი წელიწადია გაცემულია, რომელზეც ყველა შესწავლა გაკეთებულია, რომელზეც ინვესტიცია მოძიებულია, რომელზეც ენერგეტიკის სამინისტროს თავის ბალანსში აქვს ჩასმული მისი გამომუშავების ენერგია შესაბამისი პროპორციით ამოღებული აქვს იმპორტიდან... თქვენ პირველივე დღიდან ჩართული იყავით და მე მახსოვს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ,  კიდევ ცოტა უფრო ადრე, როდესაც ჩვენ ვიწყებდით და დიდი პროტესტი მოჰყვა, ჩვენ გავაჩერეთ ყველაფერი და თითოეულ ოჯახში შევედით, თითოეულ ოჯახს ავუხსენით, დაველაპარაკეთ, რომ არ არსებობს საქართველოში მსგავსი უვნებელი ჰიდროელექტრო სადგური,“ - აცხადებს "ხადორი სამის" გენერალური დირექტორი. 

ჰესის მშენებლობის დაწყების მცდელობას პანკისის ხეობაში დღეს სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება ხეობაში უკიდურესად დაძაბული იყო. ადგილობრივებმა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

დაშავებულები არიან როგორც მოსახლეობის ასევე სამართალდამცველების მხრიდან. ვითარება ხეობაში შს მინისტრის ჩასვლის შემდეგ განიმუხტა. 

უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ შს მინისტრმა თქვა, რომ ჰესი არ აშენდება მანამ, სანამ თანხმობას მოსახლეობის 90% არ გამოთქვამს. 

დღის ამბები