ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში - დედაქალაქი და მისი მცხოვრებლები კიდევ ერთ ტრაგედიას ამჯერად გლდანში გადაურჩნენ.
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებმა დღეს დილით სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნეს და "ყაზტრანსგაზს" შეატყობინეს.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ ბინაში ონკანი ღია იყო და დიდი ოდენობით ბუნებრივი აირი გროვდებოდა.
ადგილობრივების თქმით, მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა.
"5-10 წუთიც რომ დაეგვიანებინათ, კორპუსს აწევდა. მთელი სადარბაზო დაბლა ჩაიყვანეს," - აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილზე "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები იმყოფებიან. კორპუსს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღუდგა.
„კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. მოსახლეობამ გუშინ იგრძნო გაზის სუნი და მხოლოდ დღეს მოხდა კომპანიისთვის ცნობება. მოსახლეობას უმორჩილესად ვთხოვთ, გამოიჩინონ გულისხმიერება და დაუყოვნებლივ მოგვმართონ ასეთ სიტუაციებში. ბინა იყო დაკეტილი, შესაბამისად, მეპატრონე ადგილზე არ იყო,“ - განაცხადა "ყაზტრანსგაზის" სადისპეტჩერო სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება არ დაუწყია.