ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს. ადვოკატის თქმით, მსახიობი ბრალს სრულად ეთანხმება.
მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ლევან ჯიბღაშვილი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. პროკურატურა მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.
მსახიობმა სასამართლო სხდომაზე ოჯახსა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. ბოდიში მინდა მოვუხადო, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და საზოგადოებას. დიდი მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის,“ - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე.
ბრალდებისა და დაცვის მხარეები არ ამბობენ, რა რაოდენობის და რა სახის ნარკოტიკი იპოვა პოლიციამ მსახიობის ავტომობილში.
ბრალდებულის ადვოკატი მთელი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ ჩანთა, რომელიც ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოიღეს, მსახიობს არ ეკუთვნოდა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამირან გიგუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩანთა ლევან ჯიბღაშვილის საკუთრება იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი ითხოვდა, რომ სამართალდამცველებს კახასთვის დაერეკათ. სავარაუდოდ, ის ითხოვდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კახაბერ საბანაძესთან, დაერეკათ. კურიერის ინფორმაციით, შსს-ს მაღალჩინოსანი მსახიობთან მეგობრობს.
ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს. დაკავებისას მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს.