17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
სამეგრელოში ძლიერ ხანძარს ებრძვიან - ჩხოროწყუში ზუგდიდიდან დამატებითი ძალები ჩავლენ

ძლიერი ხანძარი სამეგრელოში - ჩხოროწყუს რაიონში, ქებურიების სახლში გაჩენილ ცეცხლს, მაშველები ამ დრომდე ებრძვიან. მოხუცი ცოლ-ქმარი, ცეცხლმოკიდებული სახლიდან მეზობლებმა გამოიყვანეს.

ადგილობრივები საკუთარი ძალებით ებრძოდნენ ხანძარს, რადგან მეზობლები ამბობენ, რომ ადგილზე მისული მანქანები მწყობრიდან გამოვიდა.

დამატებით ძალებს ზუგდიდიდან ამ წუთებში ელოდებიან. დაშავებული ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობა გახდა. საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დამწვარია.

„მოხუცები არიან, ერთი ეტლს მიჯაჭვულია, მეორე - უგრძნობ მდგომაროებაში. ფაქტობრივად ყველაფერი განადგურდა ოჯახში. მათი გამოყვანა მეზობლებმა მოახერხეს, სახანძრომაც მოახერხა, თუმცა ორი სახანძრო საკმარისი არ აღმოჩნდა,“-ამბობს მეზობელი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ სახანძრო სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა აალება დიდი ხნის დაწყებული იყო.

„იწვის ორსართულიანი სახლი. ეს არის ქებურიების საცხოვრებელი სახლი. სამაშველო სამსახური მოვიდა დროულად, თუმცა აალება ადრინდელი დაწყებული იყო. ყველა ერთად არის ჩართული ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში,“-ამბობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა.

დღის ამბები