საგანგებო თათბირი პანკისში - სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობა საათზე მეტია თათბირობს. მათ სამომავლო გეგმები უნდა დასახონ, თუმცა ერთი რამ უკვე ცნობილია, პანკისელები არც ჰესის მშენებლობას დაუშვებენ და არც კვირას მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე თანასოფლელების დაკავებას.
პანკისელები ამბობენ, რომ მათთვის სამართალდამცველებთან დაპირისპირების ის ფორმა, რასაც კვირას ჰქონდა ადგილი, მიუღებელია. თუმცა, მათივე თქმით, თუ პოლიცია ინციდენტში მონაწილეების დაკავებას დაიწყებს, მაშინ სანქციები მთელი სოფლის მოსახლეობაზე უნდა გავრცელდეს.
მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ყველა ის ადამიანი ვინც, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, პოლიციას ჩაბარდეს. რადგან მათთვის რომელიმე თანასოფლელის გამორჩევა და დაკავება მიუღებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ რაც ხეობაში კვირას მოხდა, სადამსჯელო ღონისძიება იყო.
„მანდ შერჩევა როგორ უნდა იყოს აზრზე არ ვარ. ერთმა თუ ისროლა ამ ხეობის ნასროლია, გუნდური ნასროლია. მთელი პანკისი აგებს პასუხს და მზად ვართ დასმულ კითხვაზე პასუხი გავცეთ.
"ეს იყო სპეციალურად მოწყობილი, სადამსჯელო ღონისძიება, ჩატარებული ძალოვანი უწყების მხრიდან,“-ამბობს ადგილობრივი ემზარ ტოხოსაშვილი.
პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ადგილზე დროებითი საგუშაგოების მონტაჟი დაიწყო. სოფელ ძიბახევის ტერიტორია, სადაც ორი დღის წინ სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, ახლა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და იქ 50-მდე პოლიციელი იმყოფება. ადგილზე დგამენ დროებითი განთავსების პუნქტებს, სადაც დაცვის პოლიცია ჩადგება.