17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
"საქართველო ბეტონის ჯუნგლების გარეშე" - მენაშენეების გაერთიანება დაზარალებულთა ინტერესებს დაიცავს

"საქართველო ბეტონის ჯუნგლების გარეშე" - ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, დაზარალებული მენაშენეების ინტერესებს დაიცავს. გაერთიანების წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებელია ყოველ დაუსრულებელ პროექტზე შეიქმნას ამხანაგობები და სწორედ ეს ამხანაგობები გადაწყვეტენ ვის გადასცენ თავიანთი დაუსრულებელი კორპუსები და რა პირობებით ითანამშრომლონ ახალ ინვესტორთან.

ორგანიზაცია იდენტიფიცირების, აღრიცხვის და პროექტებზე მუშაობის დაწყების მიზნით, დაზარალებულებს მოუწოდებს მიმართონ მათ.

„ჩვენი გაერთიანების მთავარი მიზანი არის, რომ გავაერთიანოთ აბსოლუტურად ყველა დაზარალებული მენაშენე, შევქმნათ სხვადასხვა მისამართების მიხედვით დაზარალებული მენაშენეთა ამხანაგობები, რომლებიც გადმოიბარებენ ამ მშენებლობას და თვითონ განკარგავენ თავის ბედს, რომელ სამომავლო ინვესტორთან ან სამომავლო სამშენებლო კომპანიასთან დადოს ის ხელშეკრულება, რომ საბოლოო ჯამში დამთავრდეს ეს ბეტონის ჩონჩხის ეპოპეა და ეპოქა,“ - განაცხადა გაერთიანების წარმომადგენელმა დავით კაშიამ.

ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებებს, დეველოპერული კომპანია ”სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა უპასუხა. 

„ახალ კომპანიებს აღარ გვეძლევა იმის საშუალება, რომ გადმოვიბაროთ ეს მშენებლობები იმიტომ, რომ ისევ დამზარალებელი კომპანიები განაგებენ სწორედ ამ დაზარალებული ხალხის ქონებას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომპანიებმა, რომლებმაც უკვე დააზარალეს ეს ადამიანები, მობინადრეები, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იურიდიული უფლება და მათ აქვთ იურიდიული უფლება, უბრალოდ ვინმე უნდა დაეხმაროს მათ, რომ მათ მოახერხონ ამ დამზარალებელი კომპანიებისგან გადმობარება თავიანთი შეჩერებული მშენებლობების და თვითონ განკარგონ თუ რომელ ახალ კომპანიას გადააბარონ ესა თუ ის მშენებლობა,“ - განაცხადა გიგა წულეისკირმა.

დღის ამბები