17 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია ბიუჯეტს კოლოსალური თანხა უჯდება - ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას თბილისის მერიამ დამატებით მილიონები გამოუყო

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც ბიუჯეტს კოლოსალური თანხა უჯდება - 52 მილიონი ლარის დახარჯვის შემდეგ გაირკვა, რომ ტერიტორიაზე ახალი საფეხმავლო ბილიკები უნდა მოეწყოს. მათი მოპირკეთება, გარეგანათების სისტემების მოწყობა, შენობების დეკორატიული განათება და ცნობილი ყვავილების ბაზრობისთვის ადგილის შექმნაც, 52 მილიონის ამოწურვის შემდეგ გადაწყვიტეს. დამატებითი სამუშაოები კი 18 მილიონი ჯდება.  

ამ გადაწყვეტილებას თბილისის განვითარების ფონდში გადაუდებელი აუცილებლობით ხსნიან. მერიამ მოთხოვნილი თანხა თბილისის განვითარების ფონდს უკვე გამოუყო. კალაძის უწყებას ამისთვის ტენდერი არ გამოუცხადებია, სამუშაოები რომ არ შეჩერებულიყო, გამარტივებული წესით ორ კომპანიაზე გააკეთეს არჩევანი. ესენია: "ანაგი" და "ენსი", რომლებიც თბილისის განვითარების ფონდის რჩეული სამშენებლო კომპანიებია და ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. დედაქალაქის მერიაში ორბელიანის მოედნის პროექტზე დღეს საუბარი არ ისურვეს.

ოპოზიცია კი კორუფციულ გარიგებებზე ამახვილებს ყურადღებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პირდაპირი შესყიდვის წესით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხა არ უნდა იხარჯებოდეს.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ”შეაჩერე კორუფციის” წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია სწავლობენ. მესამე სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ ორბელიანის მოედანს ამ მასშტაბის მიწისქვეშა სამუშაოები არ სჭირდება და დედაქალაქის მერია თანხას არამიზნობრივად ხარჯავს. ქეთევან ენუქიძე თვლის, რომ მერია ამას ბიძინა ივანიშვილის პროექტის სასარგებლოდ აკეთებს.

დღის ამბები