ქვეყანაში საწვავის ფასი გაიზარდა - ბენზინზე ფასმა 10 თეთრამდე მოიმატა. ექსპერტები ამბობენ, რომ ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია და არასაიმედო პროგნოზებს აკეთებენ. დარგის სპეციალისტების თქმით, ფასის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საწვავზე ფასის ზრდის მიზეზი ლარის დევალვალვაცია არ არის.
მთვრალაშვილი განმარტავს, რომ საწვავზე ფასის ზრდა ნავთობის მომპოვებელი ქვეყნის, ირანის გარშემო მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული.
„საწვავზე ფასი, საშუალოდ, გაზრდილი არის 7-10 თეთრით. მთავარი ფაქტორი, რის გამოც დღეს ადგილობრივ ბაზარზე დაიწყო ფასების კორექტირება მატების მიმართულებით, ეს გახლავთ სწორედ ის, რომ გლობალურ ბაზრებზე არის ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში არის სტაბილური და რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე ეტაპზე არ არის ფაქტორი. ტენდენცია არ არის დამაიმედებელი. თუ ირანის გარეშემო ვითარების ესკალაცია კიდევ უფრო მეტად გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება განმაპირობებელი, რომ ნავთობის ფასი წავა“ - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
საწვავის ღირებულების ზრიდს პარალელურად ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ფასის ზრდას არ გამორიცხავს სხვა პროდუქტებზეც. მისი თქმით, ფასების მომატება მოსალოდნელია ისეთი სახის პროდუქტებზე, რომელიც ტრანსპორტირებასთან რის დაკავშირებული.
„არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისი პროდუქცია გააიაფოს ან უფრო იაფი დაუჯდეს შემოტანა, უფრო იაფი დაუჯდეს აქ წარმოება, ან იაფი დაუჯდეს გაყიდვა. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, თუ ასე გაგრძელდება და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მთავრობა არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, როგორიც არის გადასახადების შემცირება, რეგულაციების მოხსნა, საკუთრების დაცულობის გაზრდა, რა თქმა უნდა, არა მარტო კონკრეტულად ბენზინზე და გაზზე, არამედ ფასები გაიზრდება და იზრდება სხვა პროდუქციაზე. ბენზინზე ფასის ზრდა, რა თქმა უნდა, იწვევს ისეთ პროდუქტებზე ფასის ზრდას, როგორიც არის ნებისმიერი პროდუქტი დაკავშირებული ტრანსპორტირებასთან“ - განაცხადა ლევან ხორგუაშვილმა.