"კურიერმა" მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინის მოქალაქე, რომელიც თბილისში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, კლინიკაში ძირს დავარდნილ შვილს უყურადღებოდ ტოვებს.
ირკვევა, რომ იულია სუსლიაკს კიდევ ერთი ბავშვი ჰყავდა. გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ 2 წლის ბიჭს ინტერპოლი ეძებს. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული დედა კი ამტკიცებს, რომ ბავშვი რუსეთში აბაზანაში დაიხრჩო. მონაცემების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ იულია სუსლიაკმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა. საქართველოში კი რუსეთიდან 8 აპრილს 10 ბავშვი ჩამოიყვანა. ქართველი სამართალდამცველები გაუჩინარებულ ბავშვს ინტერპოლით ეძებენ.
ზუგდიდის ერთ-ერთ კორპუსში, სადაც უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი დროებით 10 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა ბიჭმა მეზობლებს უთხრა, რომ ქალი, რომელმაც ისინი საქართვლოში ჩამოიყვანა, მისი დედა არ იყო.
ადვოკატის თქმით, ბავშვები უკრაინის მოქალაქეს ოკუპირებულ აფხაზეთში უნდა გადაეყვანა, თუმცა მცდელობა 20 აპრილს უშედეგოდ დასრულდა.
იულია სუსლიაკის მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, მას ბავშვების მამა ელოდება, თუმცა ეს შეხვედრა ხანგრძლივი დროით გადაიდო. ადვოკატი ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქე უდანაშაულოა. ბავშვებით არ ვაჭრობდა და რეალურად პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
იულია სუსლიაკის მეუღლე უკრაინელი ბიზნესმენი იური სუსლიაკია. მას უკრაინელი სამართალდამცველები ფინანსური პირამიდის სქემის შექმნაში ადანაშაულებენ. უკრიანული მედიის მტკიცებით, სუსლიაკის ფირმა ასობით დაზარალებული ჰყავს. მისი სამშენებლო კომპანია უკრაინის 19 ქალაქში მოქალაქეებს ბინების აშენებას პირდებოდა, ხალხმა ფული გადაიხადა, თუმცა ფინანსური პირამიდის სქემა ჩამოინგრა და სუსლიაკმა მშენებლობები ვერ დაასრულა.
ბოლო მონაცემებით, მას უკრაინის მოქალაქეების 120 მილიონი გრივნა მართებს, გასულ წლის ნოემბერში ფულის გათეთრების ბრალდებით სუსლიაკის წინააღდეგ გამოძიება დაიწყო, ბრალდებული ქვეყნიდან გაიქცა.
ბავშვებით ვაჭრობაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ ქართველმა სამართალდამცველებმა 21 აპრილს შეიტყვეს, მაშინ, როდესაც არასრულწლოვნები მწვავე ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.