ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
იულია სუსლიაკს არასრულწლოვანთა ვაჭრობა ბრალდება. სუსლიაკის ადვოკატმა სხდომის დახურვის მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა.
პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
ადვოკატს საქმის მასალები უკვე გადაეცა. მისი თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა. ადვოკატი დღევანდელ პროცესზე დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც მას უკრაინიდან სდა სოხუმიდან გამოუგზავნეს. მასალები ბავშვების წარმომავლობას შეეხება.
„თურმე, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, თავის მეუღლესთან და სხვა დამხმარე ჯგუფებთან ერთად, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეისყიდა, იყიდა 11 ბავშვი, შემდეგ ამ 11 ბავშვით გადაადგილდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ბავშვი გაყიდა და 10 ბავშვით შემოვიდა საქართველოში, შემდეგ კი განზრახვა ჰქონდა, აფხაზეთში ჩასულიყო და დანაშაულებრივ ჯგუფს შეხვედროდა, რომელთანაც აპირებდა ბავშვების გაყიდვას. სრულიად დაუსაბუთებელი და გაუგონარი მტკიცებულებებია,“ - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.
ცნობილია, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იულია სუსლიაკს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.