თბილისში წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდებიან. სპეციალური რეისი უკვე გზაშია. სამებასა და საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში მრევლი იკრიბება, სამ საათში მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას იზეიმებს.
საქართველოს მოსახლეობა პატრიარქის ეპისტოლეს ელოდება.
წმინდა ცეცხლი, მართლმადიდებელთა რწმენით, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში თბილისის დროით 15:31 საათზე გადმოვიდა. ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე მესამემ, გამოიტანა.
მაცხოვრის საფლავზე შესვლამდე, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებთან ერთად, მან სამჯერ შემოუარა სამლოცველოს, რომელიც მანამდე საგანგებოდ იყო დალუქული. მსვლელობა კუვუკლიის შესასვლელთან შეჩერდა, სადაც პატრიარქმა მღვდელმთავრის სამოსი გაიხადა და მხოლოდ კვართით დარჩა. შემოწმების შემდეგ კი ის საფლავზე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სიმბოლოთი - 33 სანთლით, შევიდა.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ტაძარში შეკრებილი 9 ათასი მორწმუნე ელოდა.