მართლმადიდებელი მრევლისთვის აღდგომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია, სააღდგომო ეპისტოლეს წაკითხვაა. სრულიად საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქი, ილია მეორე წლევანდელ ეპისტოლეში არაერთ საკითხს ეხება, მათ შორისაა ათეიზმი, პატრიოტიზმი, ნარკომანია, ამპარტავნება, თაობებს შორის არასწორი ურთიერთობები და სხვ.
პატრიარქი ეპისტოლეში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კაცობრიობის მზადების მნიშვნელობას მეორედ მოსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ჩვენის საზოგადოება ამ მიმართულებით უამრავ პრობლემას აწყდება. ილია მეორე წერს, რომ დღევანდელობაში ადამიანი უფლის გარეშე დეგრადირდა და ის უგუნური თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი გახდა.
"სამწუხაროდ, ყოველთვის იყვნენ და ახლა, მითუმეტეს, მრავლად არიან კადნიერნი, რომელნიც უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო.
"ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა "ცოდვა", "განწმენდა-კათარზისი", ისეთივე გაუგებარია, როგორც "თავმდაბლობა" ან "სინანულის განცდა." ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული.
უწმინდესი საკუთარ ეპისტოლეში ყურადღებას ამახვილებს ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებზე და აღნიშნავს, რომ სწორი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სიყვარული და თავისუფლებაა, რაც ილია მეორეს ბრძანებით, "აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის." პატრიარქი აქვე განიხილავს თაობათა შორის ურთიერთობებს, რაც მისი მსოაზრებით დღევანდელ საზოგადოებაში არასწორად ვითარდება.
"ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა; იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.
"თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა."-აღნიშნავს პატრიარქი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც პატრიარქი ეპისტოლეში ეხება, პატრიოტიზმია. მისი თქმით, "ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება."
"დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან.
"არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რადგან ეს ცოდნა, სწორ აზროვნებასთან შეერთებული, აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.., რაც ბოროტის მცდელობას, თავისთავად, წარუმატებელს ხდის; ამასთან, საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ "ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს" (ჯ. ბაირონი), "სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს" (ა. ფრანსი),"-ბრძანებს პატრიარქი.
ილია მეორე არც ნარკომანიის, ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულებისა და სხვა მავნე ჩვევების თემას უვლის გვერდს და მას "ვნებების მონობას" უწოდებს.
"ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა,"-აღნიშნულია ეპისტოლეში.
და ბოლოს, პატრიარქის წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეებისადმი მიმართვითა და მოწოდებით მთავრდება:
"ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და ,,უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.“ (კოლას. 3,16); და სასოებით ,,ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ (კოლას. 1, 12-14).
მაშ, ,,შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.“ (თესალ. 1,58), რადგან
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეთ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი"