17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ძვირფასი ქვებით შემკული ყდები - ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა უძველესი ქართული წიგნების ძვირფასი ჭედური ყდები შეისწავლეს

ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა უძველესი ქართული წიგნების ძვირფასი ჭედური ყდები შეისწავლეს. ყდის ასაკს კი ის ძვირფასი ქვები გასცემენ, რომლითაც გაფორმებულია.

ალავერდის ოთხთავის ყდა მეჩვიდმეტე საუკუნეშია შექმნილი, ხელნაწერი კიდევ უფრო ძველია. სფეროს პროფესიონალები ყდაზე ბიზანტიური სკოლის გავლენებს ადვილად არჩევენ. ფაქტი ეჭვს ბადებს, რომ ქართველ ოსტატებს იმ დროისთვის აქტიური შეხება ჰქონდათ ბიზანტიურ, აღმოსავლურ თუ ევროპულ კულტურულ-მწიგნობრულ კერებთან. კარგად იცნობდნენ ამ ცენტრებში დამკვიდრებულ მეთოდებს და იარაღებს, რითაც ხელნაწერთა აკინძვა და ყდაში ჩასმა ხდებოდა.

ვერცხლით მოჭედილი და ძვირფასი ქვებით შემკული ყდები, საკუთარ თავში მთელ ისტორიას ინახავს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 56 მოჭედილყდიანი ქართული ხელნაწერი წიგნი ინახება. მათგან უძველესი მეთორმეტე საუკუნით თარიღდება.

ჭედური ყდების და მასზე გამოყენებული ქვების დიაგნოსტიკა და შესწავლა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამერიკის საელჩოს დაფინანსებით 919 ძვირფასი ქვის დიაგნოსტიკა ჩატარდა და მათი რაობის დადგენა მოხერხდა. პროექტისთვის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდნენ და შედეგის მიღწევა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციის და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, მეტალის კონსერვაციის სპეციალისტის და გემოლოგის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

 

 

დღის ამბები