ტონობით განადგურებული ნიორი და მოტყუებული მოსახლეობა - მაღალმთიან აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გლეხებს უკრაინიდან შემოტანილი ნივრის თესლი მიჰყიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უწყება მათ დახმარებას მოსავლის გაყიდვაშიც დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები მხოლოდ 2016 წელს შესრულდა. მას შემდეგ შუბანელებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით ეკონომიკური სარგებელი არ მიუღიათ. მოსავალი ვერ გაყიდეს და ტონობით მოწეული ნიორი სარდაფებში დალპა. უკრაინული ნივრის თესლი კი აჭარის მთავრობამ წელსაც შეიძინა და ამისათვის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტონობით განადგურებული მოსავლის მიუხედავად, რომლის რეალიზება ვერ შეძლეს, აჭარის მთავრობიდან კვლავ უკავშირდებიან და ნივრის თესლის შესყიდვას სთავაზობენ.
48 ტონა ლუბაშას ჯიშის ნიორში აჭარის მთავრობამ ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა. ოპოზიცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხალხის მოტყუებასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ავტორი: ნანიკო სისვაძე