პრობლემები, რომელიც საპატრიარქოს კედლებიდან არ ჩანს. პატრიარქის ეპისტოლეს, მრევლიც და სასულიერო პირებიც ყოველ წელს, ყველაზე მეტად ელოდებიან, თუმცა ილია მეორის წლევანდელმა მიმართვამ, ბევრს იმედი გაუცრუა. ქვეყანაში, სადაც ათასობით ადამიანი, უკიდურესი გაჭირვების და შიმშილის ზღვარზეა, პატრიარქი 12 გვერდიან სააღდგომო ეპისტოლეში მთავარ პრობლემად ათეიზმს ასახელებს. ის, რომ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები, პატრიარქს ეპისტოლეში ვერ მოხვდნენ, თეოლოგებს ეჭვს უჩენს, რომ წლის მთავარი მიმართვა ილია მეორეს არ დაუწერია - ეპისტოლეს ავტორები, სავარაუდოდ გავლენიანი სასულიერო პირები არიან, ვისთვისაც შიმშილის ზღვაზე მყოფ ადამიანებზე მნიშვნელოვანი სულ სხვა პრობლემები აღმოჩნდა.
ილია მეორეს სადღესასწაულო გზავნილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, ბოლო ათი წლის დაკვირვებით, ეპისტოლეში მოყოლილი ამბები წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეხება ხოლმე. ათი წლის წინ პატრიარქი ტერიტორიულ მთლიანობაზე აკეთებდა აქცენტს და პოლიტიკურ საკითხებს მიმოიხილავდა, მისი ეპისტოლე არაერთხელ გამხდარა სკანდალის და საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი, 10 წლის შემდეგ აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის მთავარი გამოწვევა ათეიზმი აღმოჩნდა.