17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფო ვალი 20 მილიარდს აღწევს -შესაძლოა ქვეყანას ჭარბვალიანობის პრობლემა შეექმნას

საქართველოს სახელმწიფო ვალი 20 მილიარდს აღწევს. ბოლო რამდენიმე წლის დინამიკა, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს ასეთია: 4 წელიწადში შიდა და გარე ვალი 7 მილიარდით გაიზარდა.

20 მილიარდიდან 15 საქართველოს გარე მევალეების მართებს. თუმცა ბოლო წლებია, მთავრობამ ქვეყნის შიგნით ფულის სესხება აქტიურად დაიწყო და შიდა ვალის წილი მზარდია. მაგალითად 2018 წელს საშინაო ვალი 11%-ით, საგარეო ვალი კი 8%-ით გაიზარდა. ფულს საქართველოს მთავრობა ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სესხულობს.

მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება ფულის სესხებაში ზედმეტად თამამია და არ ფიქრობს, რომ ვალს დაბრუნებაც უნდა. არ გამორიცხავენ, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანასაც შეექმნას. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის არასტაბილურობაზე მიუთითებს ის, რომ მთავრობა საშინაო ვალს ზრდის.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საგანგაშო არაფერია და საუბრობს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც ნასესხები მილიარდები ხმარდება, მაგრამ მთავრობაში არავინ განმარტავს, რა გეგმა არსებობს ვალების გასასტუმრებლად. მხოლოდ წელს ქვეყანას მილიარდ 800 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი.

დღის ამბები