რუსულ სამხედრო ბაზაზე 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე - ცენტრი „ემპათია“ ბაზის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ საკუთარი ძალებით უკვე შეძლეს ნაბაკევში მდებარე რუსული ბაზის ხელმძღვანელთა ვინაობის დადგენა.
ნაბაკევის ბაზის მეთაურის ვინაობის დადგენა მარტივად შეძლო "კურიერმაც". - ის სერგეი იატინია. გალში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს კი, ალექსეი კუტკოვი ხელმძღვანელობს. ცენტრი ემპათია, ამ პირთა ვინაობის დადასტურებას ოფიციალური უწყებებისგან ელოდებიან. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ეს აუცილებელია პროცესების დასაჩქარებლად. ორგანიზაცია, სარჩელის სტრასბურგში წარდგენას გეგმავს.
„მოვითხოვთ, რომ ამ ადამიანების მიმართ დაიწყოს სამართლებრივი დევნა, რა თქმა უნდა დამატებით იდენტიფიკაციაც მოხდეს. ასევე მივმართავთ სამხარაულის ექსპერტიზასაც, რომ თუ შეიძლება დააჩქაროს ექსპერტიზის დასკვნა. ასევე მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ დადგეს საკითხი სოხუმის ექსპერტიზის გამოთხოვის თაობაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოძიებას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით უკვე გამოთხოვილიც უნდა ჰქონდეს. მაგრამ სამწუხაროდ, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაციას არ არის ჯერ ეს დასკვნა მიღებული,“-აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.