17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა გახსნილია, თუმცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების როტაცია ამ დრომდე გრძელდება

დავით გარეჯში, აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა მომლოცველებისა და ტურისტებისთვის დროებით გახსნილია.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც ვითარება სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა, ამ დროისთვის ისევ დგანან აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები.

შეგახსენებთ, რომ  10 დღის წინ, გარეჯში ჩასული ზურაბიშვილი საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი დაიკავეს. აზერბაიჯანელი სამხედროების როტაცია კომპლექსის ამ ნაწილში გრძელდება. როგორც „კურიერმა“ გაარკვია, ადგილზე ვითარებას 10-მდე აზერბაიჯანელი მესაზღვრე აკონტროლებს, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები აკვირდებიან.

მონასტრის მსახურები და მომლოცველები ამბობენ, რომ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობის უფლება მისცა. მათი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მომლოცველებსა და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირების საშიშროება გამოირიცხოს.

„50 მეტრში არიან, არის საშიშროება, რომ მართლა რაღაც მოხდეს, თუ არ ჩაერია ჩვენი მთავრობა. აქ რომ სამხედრო ბაზა გააშენებინეს იმის მერე მოხდა ეს ყველაფერი,“-ამბობს გარეჯის მონასტრის სტიქაროსანი გელა ფარცვანია.

მომლოცველები ხელისუფლებას სთხოვენ, მოაგვარონ პრობლემა აზერბაიჯანელ მეგობრებთან, რათა ქვეყანაში დაპირისპირების ახალი კერა არ გაჩნდეს.

აზერბაიჯანულმა მხარემ წითელ პარასკევს, აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა გახსნა, თუმცა მესაზღვრეები ადგილზე რჩებიან და არ არის გამორიცხული რამდენიმე დღეში კომპლექსის ის ნაწილი, სადაც აღდგომის ტაძარი მდებარეობს ისევ დაიკავონ.

დღის ამბები