16 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ხელისუფლების მორიგი თავდასხმა „რუსთავი 2”-ზე და სარჩელი სასამართლოში - სამაუწყებლო კომპანიის იურისტები პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობენ 

ხელისუფლების მორიგი თავდასხმა „რუსთავი 2”-ზე და “ქართული ოცნების“ ახალი გეგმა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ - სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. “რუსთავი2“-ის იურისტები სარჩელის აბსურდულობაზე საუბრობენ.  

„სარჩელის არსი არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც თავის მხრივ შედგენილი აქვს მოსარჩელე ნინო ნიჟარაძეს სხვადასხვა კუთხით. კერძოდ, თითქოს ის ამბობს, რომ მას უნდა თავისი წილის გაყიდვა და ვერ გაყიდა და ზიანი მიიღო, დამატებით ის ამბობს, რომ თითქოს „რუსთავი2“-მა სარეკლამო ბაზარზე გააქრო 10 მილიონი ლარი. ნინო ნიჟარაძისთვის გაუგებარია თურმე, რატომ დაგროვდა გადასახადები „რუსთავი2“-ის მხრიდან. რატომღაც, როგორც ჩანს ეტყობა დაავიწყდა, რომ ხელისუფლება ებრძვის „რუსთავი2“-ს და ეს ურთმელიძის სახელობის ყადაღის გამო არის ეს დავალიანებები,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სასამართლოს იმედი არ აქვთ, სამაუწყებლო კომპანიის იურისტები სასამართლოში მყარი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ. მათი შეფასებით, ეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დავაა.  

„რუსთავი2“-ის პოზიცია პირველ რიგში არის, რომ სამართლებრივ არგუმენტებს დავუპირისპირებთ, იმიტომ, რომ ეს სარჩელი არის სრულიად აბსურდული. ეს არის ცალსახად პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი ფორმალურად სამართლებრივი დავა.

"რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის არის გარანტი რომ ჩვენს კომპანიას ჰქონდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ნიკა გვარამია არის მთავარი პრობლემა ხელისუფლებისთვის, შესაბამისად ეს ბრძოლა არის პერსონალურად მის წინააღმდეგაც და „რუსთავი2“-ის წინააღმდეგაც,“-განაცხადა „რუსთავი2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები