"ეს არ ერის ჩვეულებრივი რიგით დავა, ასე არ ვუყურებთ, ამ დავის უკან შესაძლებელია, იდგეს და დიდი ალბათობით, დგას მნიშვნელოვანი ინტერესი, ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა," - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო დავის წამოწყებას.
ამ წუთებში, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი გავლენიანი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება და მათ იმ ვითარებას აცნობს, რომელიც რუსთავი2-ის ირგვლივ შეიქმნა.
გარდა ამისა, ნიკა გვარამია დღეს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც იმყოფებოდა. მას ჰქონდა შეხვედრები ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ეს არ არის რიგითი დავა, ამის მიღმა მნიშვნელოვანი ინტერესი დგას და ეს არის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
„ჩვენ აბსოლუტურად სამართლიანად ვართ შეშინებულები იმ გამოცდილებით, რომელიც გვაქვს ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ წარმოებული დავებიდან გამომდინარე, რომელი დავების უკანაც იდგა ხელისუფლება და რომლის მიზანიც იყო ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლება. ეს არ ერის ჩვეულებრივი რიგით დავა, ასე არ ვუყურებთ, ამ დავის უკან შესაძლებელია, იდგეს და დიდი ალბათობით, დგას მნიშვნელოვანი ინტერესი და ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ჩვენთვის თქვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა და პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც, თუკი ამ ქვეყანაში ისმის კრიტიკული ხმა, მათ შორის, ჩვენი ხმაც, ეს ხდება სწორედ რუსთავი2-ის მეშვეობით,“ - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
„სამწუხარო თამაშს“ უწოდებს რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ დავას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე.
სიხარულიძე რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას ხედავს.
„არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ შეიცვალოს რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა. ასეთი შემთხვევა გვახსოვს ჩვენ არცთუ დიდი ხნის უკან. მაშინ რომ არა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, დღეს რუსთავი2 აღარ იქნებოდა იმ ტონის მიმცემი, რა ტონის მიმცემიც ახლა არის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მომენტში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან შემაშფოთებელია, განსაკუთრებით მძიმე იქნება ეს შედეგი, თუ ეს განხორციელდა, ქართული დემოკრატიის და საქართველოს მომავლისთვის მთლიანობაში. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ მოხდება,“ - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, ამბობს, რომ ქვეყანაში იმ მედიასაშუალებეს, რომლებიც ხელისუფლებას კანონდარღვევასა თუ კორუფციაში ამხელენ, პრობლემები ექმნება.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსთავი2-ის არის ასეთი ტელევიზია და მას პრობლემები აქვს და არავის სჯერა, რომ ეს არის კერძო დავა და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს დიდი ხანია, რუსთავი2-ის ყველა საქმე დაკავშირებულია პოლიტიკასთან,“ - აცხადებს ძველიშვილი.