გაკოტრებული ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს - ასეთია სამოქალაქო სექტორის შეფასება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ დავასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიაექსპერტები აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ მსგავსი ქმედებები საბოლოოდ მათ წინააღმდეგ იმუშავებს.
„მიზანი არის ალბათ ის, რომ მედიაგარემოში არ იყოს ის აქტორები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები ამ ხელისუფლების მიმართ. ცხადია ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნო პერიოდისთვის, რომ ნაკლებად კრიტიკული ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ, ისევე როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ სასამართლოს ამ სენსიტიურ საქმეებთან დაკავშირებით არ ვენდობით,“-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა ისე აღიქმება, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარ პრობლემას „რუსთავი2“ წარმოადგენს.
მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია ამბობს, რომ ახალი თავდასხმა „რუსთავი2“-ზე პოლიტიკური პროცესია, მოსამართლე კი აუცილებელად პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს.
„კრიტიკული მედიის გაჩუმებით ის მიაღწევს მიზანს, ცალსახად ეს არის პოლიტიკური პროცესი, არავითარ ობიექტურობაზე ან სამართლიან მსჯელობაზე არ შეგვიძლია ჩვენ იმედის დამყარება, რადგან ცალსახად ეს მოსამართლე შეასრულებს ხელისუფლების დაკვეთას,“-აცხადებს დანელია.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი მოსამართლე განიხილავს სარჩელს, პროცესი პოლიტიკურია და სასამართლოს გადაწყვეტილებაც პოლიტიკური იქნება.
მისი თქმით, პროცესი, რომელიც ახლა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის.
„ეს პროცესი "ქართული ოცნებისთვის" არის ცალსახად წამგებიანი და მათთვის ნეგატიური შედეგის მომტანი. როდესაც გაიმართება სასამართლო, სადაც დაინტერესებული მხარე არის მმართველი პარტია არ აქვს მნიშვნელობა რა გვარის არის მოსამართლე,“-ამბობს კაკაბაძე.