თეა წულუკიანი მოულოდნელად „რუსთავი 2“-ის დამცველად იქცა. იუსტიციის მინისტრმა დღეს ყველა გააფრთხილა და გაახსენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ ყოველგვარი იურიდიული ცვლილებები შეუძლებელია. ეს განცხადება, მინისტრმა პირველ რიგში კომპანიის დამფუძნებლის ნინო ნიჟარაძის მისამართით გააკეთა, რომლის წარმომადგენელმა დღეს მოულოდნელად მზადყოფნა გამოთქვა დავა საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილოს, მაგრამ კვლავ დათქმებით და პირობებით. მხარეს, რომელიც 28 მილიონისთვის დავობს, არ სურს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ბაჟი გადაიხადოს. ნიჟარაძის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მზად არიან მხოლოდ ქართული არბიტრაჟის საფასური დაფარონ. იმ შემთხვევაში კი თუ „რუსთავი 2“-ის მფლობელები და დირექტორი უპირატესობას ლონდონის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს მიანიჭებენ მაშინ თანხის გადახდაზე უარს ამბობენ. მათ შორის ნაწილობრივად.
"რუსთავი 2"-ის იურისტს მიაჩნია რომ ნიჯარაძის ამგვარი წინადადება ერთგვარი ბარიერია იმისთვის რომ საქმე მაინც საქალაქო სასამართლოში დარჩეს. თამთა მურადაშვილი ამბობს რომ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია სამართლიანი არბიტრები საქართველოშიც შეირჩნენ. თუმცა მისთვის გაუგებარია რატომ სთხოვს ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფ კომპანიას, ნიჟარაძე მისი დავის გადასაწყვეტად დამატებით ხარჯის გაღებას.
"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ახალი დავა მესამე დღეა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. იურისტები ამბობენ რომ სარჩელს სამართლებრივი შემადგენელი არ აქვს და ამით ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.